“ხაზარაძემ და გახარიამ გარედან მიიღეს დავალება, ამიტომ სხვა გზა არ რჩებათ, უნდა შერიგდნენ, მოჩვენებითად უნდა დაანახონ საზოგადოებას, რომ ერთ გუნდს წარმოადგენენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, გახარიას და ხაზარაძეს, შესაძლოა, გაერთიანებით უფრო გაუჭირდეთ ბარიერის გადალახვა.
„გახარია და ხაზარაძე ვერასდროს ვერ შეთანხმდებოდნენ და სალომე ზურაბიშვილი არასდროს შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, ეს ყველაფერი კეთდება იქედან გამომდინარე, რომ უცხოეთიდან მიღებულ მითითებებს ემორჩილებიან. სხვა გზა არ რჩებათ ხაზარაძესა და გახარიას, გარედან მიიღეს დავალება და უნდა შერიგდნენ, მოჩვენებითად უნდა დაანახონ საზოგადოებას, რომ ერთ გუნდს წარმოადგენენ. მადლობა ღმერთს, არქივი არსებობს და გადავხედოთ წინა სამი წლის განმავლობაში რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ იყო, ხაზარაძის და გახარიას მხრიდან ისეთი მძიმე ბრალდებები იყო, რომ გასაოცარია, როგორ შეიძლება, ამის შემდეგ მოლაპარაკებები აწარმოო. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ გარედან დააჯგუფეს ასე. გახარიას ბარიერის გადალახვის ნულოვანი შანსი ჰქონდა, ხაზარაძე ახლოს იყო დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვასთან, თუმცა გარანტირებული ნამდვილად არ იყო. რამდენიმე კვლევაა, სადაც ის ოთხ პროცენტზეა, არის კვლევები, სადაც ხუთ-ნახევარზეა.
შესაბამისად, რაღაც ტიპის გარანტიას იქმნიან, რომ ამ დაჯგუფებამ გადალახოს ბარიერი, თუმცა პოლიტიკაში ხდება ცოტა განსხვავებული რამ, რაც ყოველდღიურ მათემატიკაში არ ჯდება ხოლმე, აქ ციფრები არ ჯამდება. შესაბამისად, გახარიას პროცენტი არ დაემატება ხაზარაძის პროცენტს. ისინი ერთმანეთს შეჭამენ, შეიძლება, ჯამში, კიდევ უფრო გაუჭირდეთ ბარიერის გადალახვა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ განსხვავებული შეხედულების ამომრჩეველი ჰყავთ. ნეიტრალური ამომრჩეველი, რომლებსაც ატყუებდნენ და თავიანთ მხარეს ჰყავდათ გადაბირებული, დაფიქრდებიან, რამდენად უპრინციპო პოლიტიკოსებთან აქვთ საქმე. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. გაერთიანებით შეიძლება, იმაზე გაცილებით ნაკლები დაუჯდეთ, რა პროცენტით ცალ-ცალკე ჰქონდეთ ჯამში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის მორიგი მოლაპარაკებები პრეზიდენტის სასახლეში დღეისთვის არის დაგეგმილი.