ზურაბ ხიზანიშვილი „მილანის“ ლეგენდებთან მატჩზე: მივესალმებით, თუ ასეთი თამაშები საქართველოში რეგულარულ სახეს მიიღებს

საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მოახლოებული მატჩის წინ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ეროვნული გუნდის წევრმა, ზურაბ ხიზანიშვილმა ისაუბრა.

„წლები გავიდა, რაც კარიერა დავასრულეთ. ზოგჯერ ერთმანეთის ნახვასაც ვერ ვახერხებთ, თუმცა გრძნობები არ იკარგება. რა თქმა უნდა, ასაკი გვემატება, მაგრამ მოედანზე როცა გავალთ, ჩვენი მაქსიმუმის ჩვენებას ვეცდებით. კარგ სანახაობას ველოდებით და გვსურს, გულშემატკივარმა 90 წუთი არ მოიწყინოს.

„ინტერთან“ მატჩი ჩვენთვის მსგავსი ტიპის პირველი შეხვედრა იყო. დიდი გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ წელიწადში 3-4 თამაშს ატარებენ. მივესალმებით, თუ ასეთი მატჩები საქართველოში რეგულარულ სახეს მიიღებს, ეს ახალ თაობაში სპორტის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ხვალ წინასამატჩო ვარჯიში გვაქვს, ასევე გველის ფოტოსესია და პრესკონფერენცია. ჩვენს მთავარ მწვრთნელთან, თემურ ქეცბაიასთან ერთად 2 ფეხბურთელი იქნება, „მილანზე“ ვერაფერს გეტყვით.

მინდორზე მეტოქისადმი პატივისცემა არ დაიკარგება, თუმცა სპორტული თვალსაზრისით ჩვენ მუდამ გამარჯვება გვსურს. სანამ სპორტსმენი ცოცხალია, მოგებაზე ფიქრობს.

ყველაფერს თემურ ქეცბაია გადაწყვეტს, ვეცდებით, მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ, ეს პროფესიონალიზმთან ასოცირდება.

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი პაოლო მალდინი იყო. ასევე, „მილანის“ შემადგენლობაში კახა კალაძემ ძალიან ბევრს მიაღწია. მაშინ მივხვდი, რომ ქართველს ასეთ დონეზე უამრავი რამის გაკეთება შეუძლია“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ასევე იხილეთ