„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში

„მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები ქვემო ქართლის თითოეულ მკვიდრს, რუსთავს, გარდაბანს, ბოლნისს, მარნეულს, თეთრიწყაროს, წალკას, მივესალმები ამ ისტორიულ რეგიონში მცხოვრებ თითოეულ ქართველს, აზერბაიჯანელს, სომეხს, ბერძენს თუ სხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეს.

უთანასწორო ბრძოლა მშვიდობისა და ღირსებისათვის – ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება.

და მაინც, ვინ არიან მხარეები ამ ბრძოლაში. ერთ მხარეს – ძალები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მხოლოდ გლობალური ინტერესებისათვის შესაწირ პაიკად სჭირდება და მეორე მხარეს ვართ ჩვენ, ქართული ოცნება და ქართველი ხალხი.

შემდეგი კითხვაა, როგორები არიან ისინი ან რა ინტერესები ამოძრავებთ. მათი სამიზნე ძალაუფლება და უზარმაზარი ფინანსური ინტერესები, მაგალითად ისეთი, როგორიც შეიძლება იმ მასშტაბის ომებს ახლდეს თან, რაც დღეს ჩვენს რეგიონში და ჩვენს ირგვლივ არის.

შეგვიძლია, დავახასიათოთ მათი აგენტურაც საქართველოში: პოლიტიკოსებადწოდებული მოძალადეები საკუთარი მოქალაქეების, ბიზნესმენების, ტელევიზიების და პატიმრების, ნებისმიერის მიმართ. ადამიანები, რომლებსაც დავალების შესასრულებლად შეუძლიათ ყველაფერზე წასვლა. შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები სხვა სახელმწიფოს ჩააბარონ და მეორე დღესვე, ასეულობით დაუკრძალავი გმირის გლოვის ნაცვლად, წაგებული ომიც კი იზეიმონ. შემდეგ შეუძლიათ ეს გმირი ჯარისკაცები ომის დანაშაულში დაადანაშაულონ. დავალების შესაბამისად, შეუძლიათ, შეეკრან ნებისმიერს, ვისაც გუშინ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ. მოკლედ, შეუძლიათ ყველაფრის კადრება, რასაც პატრონები დაავალებენ.

და როგორები ვართ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი – ამაყი, ღირსეული, გამბედავი, გონიერი, სამშობლოს შეგრძნების მქონე საქართველოს მოქალაქეები, ამაყი ხალხი და ამაყი ქვეყანა, რომელმაც შეძლო, ეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამიერიდან გადაწყვეტილებები საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ მხოლოდ საქართველოში მიიღება, მათ შორის ქვეყნისა და ხალხის გაერთიანების საკითხებზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ აუცილებელ, ვაჟკაცურ ნაბიჯებზე.

ქვეყანა და ხალხი, რომელმაც შეძლო გაეძლო და მყარად დახვედროდა თანამედროვეობის ყველაზე სასტიკ იარაღს – დეზინფორმაციას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონის, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აგორებული ცრუ და ფაშისტური კამპანია და ამ დეზინფორმაციაზე გამარჯვება იყო, ჩვენი გამარჯვება.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მეგობრებო, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან ჩარევის მცდელობები, უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რეზოლუციები, სანქციები, მუქარები, პროვოკაციები, ამ ყველაფრით ზემოქმედების მცდელობა ქართველ ამომრჩეველზე, თუმცა საქართველო და მისი თითოეული მოქალაქე ფლობს გაცილებით ძლიერ იარაღს, რომელსაც სიმართლე და ღირსება ჰქვია.

და იმისთვის, რომ სიმართლე ბოლომდე გავიტანოთ და იმისთვის, რომ ღირსება ბოლომდე შევინარჩუნოთ, 26 ოქტომბერს არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი სახლში, რომელსაც შეუძლია, სარკეში ჩაიხედოს, საკუთარ თავს თვალი გაუსწოროს და თამამად თქვას: მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები და არავის სხვას!!!

ასეთ დროს თქვენ ვერ მოგატყუებენ, თქვენზე სიცრუით და ყალბი კამპანიებით ზეგავლენას ვერ მოახდენენ. მართალ ხალხს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება!

შესაბამისად, ჩვენ, ყველანი ერთად დავიცავთ მშვიდობას, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, კეთილდღეობას და ამ უთანასწორო ბრძოლას ეყოლება ერთადერთი გამარჯვებული – საქართველო და მისი აღმატებულება – ქართველი ხალხი. და ამიტომ, ჩვენს ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს”.

ასევე იხილეთ