გიორგი ამილახვარი ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 ახალრეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

მინისტრთან ერთად სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

რუსთავის მე-7 საჯარო სკოლა 965 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში  სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა,  სასადილო, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა.

სკოლა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. შენობა უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით. პროექტის ღირებულება 5 500 000 ლარზე მეტია.

რაც შეეხება 920 მოსწავლეზე გათვლილ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლას, შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. კეთილმოეწყო ეზო და სკოლა აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.

პროექტის განხორციელების შედეგად, მე-17 საჯარო სკოლაშიც მოეწყო სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა.

სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია  გათბობისა და უსაფრთხოების სისტემებით.

პროექტის ღირებულება 6 000 000 ლარამდეა.

ასევე იხილეთ