მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება გრძელდება, რაც მიანიშნებს, რომ ზოგიერთი ძალები ამას არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად იყენებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, თუმცა გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ზოგიერთი ძალები ამ თემებს იყენებენ, რათა გარკვეული გავლენები მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა Politico-ს სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, „ევროკავშირი მზად არის, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს, თუ „ქართული ოცნება“ თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს“.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან რისი მოსმენაც შეიძლებოდა, ყველაფერი ივლისში მოვისმინეთ.

„ვნახეთ, რომ გარკვეული წინადადებები იყო მომზადებული სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან. ასევე ვნახეთ ევროკავშირის საბჭოს საკმაოდ კრიტიკული დასკვნა, სადაც მსგავსი საკითხები ასახული არ ყოფილა. ეს არის ისეთი საკითხები, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, თუმცა გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იყენებენ, რათა გარკვეული გავლენები მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. იყენებენ იმისთვის, რომ შანტაჟის ენით დაელაპარაკონ ქართველ ხალხს და გავლენა მოახდინონ მათ გადაწყვეტილებებზე არჩევნების პროცესში. ამ თემით სპეკულირებას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან შეუძლებელია, წინასწარ საუბრობდე არჩევნების დარღვევებზე მაშინ, როცა არჩევნები წინაა. საქართველოში არჩევნების ჩატარების გამოცდილება არსებობს და მსგავსი დრამატული შეფასებების გაკეთების საფუძველი არ არის. ამ საკითხებს თავისი სამართლებრივი საფუძვლები და წინაპირობები აქვს, როცა ხდება მსგავსი საკითხების განხილვა და წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ. საქართველოს და ევროკავშირთან ურთიერთობებში ასეთი წინაპირობები არ არსებობს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ