გიორგი ნემსაძე: ესპანეთთან ახლოს არ ვართ, მაგრამ მსგავს სტილში ვთამაშობთ

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ახალი სეზონის პირველ გადაცემაში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ეროვნული გუნდის პროგრესზე ისაუბრა. გიორგი ნემსაძემ  წამყვანის კითხვას უპასუხა, რომელი წამყვანი ევროპული ნაკრების დონეს მიუახლოვდნენ „ჯვაროსნები“.

„საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენციაა და ეს სასიხარულოა. ახლა 3-4 ფეხბურთელის იმედად არ ვართ. მოთამაშეების საკმაოდ დიდი არმია გვყავს, რომლებიც ამინდს ქმნიან. ამას ვილი სანიოლის ხელწერაც ემატება.

ჩვენი ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებები დიდი გუნდის საფუძველი შეიძლება გახდეს. გუნდი მთლიანობაში წარმატებით თამაშობს. ახლა უკვე ბევრი კითხულობს, ჩვენს ნაკრებს შემდეგი მატჩი საქართველოში როდის აქვს.

რომელ ნაკრებებს მივუახლოვდით? რთული კითხვაა. ჩემი აზრით, ესპანეთისა და იტალიის გზას დავადექით. არ მინდა ვთქვა, რომ ესპანეთთან ახლოს ვართ, მაგრამ რაღაც მსგავს სტილში ვთამაშობთ.

მთავარი ისაა, რომ საქართველოში ფეხბურთს ბევრად მეტი თამაშობს მას შემდეგ, რაც ფედერაციაში ლევან კობიაშვილის გუნდი მოვიდა. ამ მასობრიობას ბევრი ნიჭიერი ბავშვი მოჰყვა. ტალანტები მანამდეც იყვნენ, მაგრამ ახლა რაოდენობრივად უფრო მეტი წამოვიდა“, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

ასევე იხილეთ