ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის „დამამცირებელი მოთხოვნებით“
„ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი იმედგაცრუებულია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის „დამამცირებელი მოთხოვნებით“, – ამის შესახებ „ბალკან ინსაითი” წერს.
როგორც გამოცემა წერს, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ხრისტიან მიცკოსკიმბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრისა და ევროკომისიის პრეზიდენტთან სამუშაო სადილის შემდეგ განაცხადა, რომ ის ხალხს აცნობებს იმედგაცრუებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაბლოკვის გამო.
„ორ-ნახევარი ათწლეულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს ინტეგრაციის პროცესი დავიწყეთ და ხელი მოვაწერეთ ასოცირებისა და სტაბილიზაციის შეთანხმებას, ჩვენ ვართ ორმხრივი პრობლემებისა და გაწევრიანების პროცესის ორმხრივი შეფერხების მსხვერპლნი.
ჩვენ დაგვამცირეს ამ გზაზე. შეგახსენებთ, რომ ევროპული ღირებულებების სახელით ჩვენ რამდენჯერმე შევცვალეთ ჩვენი დროშა, ვალუტა, კონსტიტუცია და ქვეყნის სახელწოდება. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია ულტიმატუმების მიღება,“ – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის მეთაურმა.
მიცკოსკი, რომელიც ივნისში გახდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, ბრიუსელში ჩავიდა შეხვედრებზე, რომლებიც ძირითადად დასავლეთ ბალკანეთის ევროპულ პერსპექტივას ეხებოდა. როგორც „ბალკან ინსაითი“ წერს, ბულგარეთთან არსებული დავის გამო, ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებას საფრთხე ემუქრება.
სექტემბრის დასაწყისში ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, რომელიც თავის პოსტს ტოვებს, განაცხადა, რომ ევროკომისიის მიზანია ოქტომბერში ახალი სამთავრობათაშორისო კონფერენციების ჩატარება ალბანეთთან, სერბეთთან და შესაძლოა ჩრდილოეთ მაკედონიასთან. იმისათვის, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებმა წინ წაიწიოს, ქვეყანამ უნდა შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციის პრეამბულაში და ბულგარელები სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელ ერად დაასახელოს.
ჩრდილოეთ მაკედონიის ახალმა მემარჯვენე მთავრობამ, რომელსაც მიცკოსკი ხელმძღვანელობს, მიანიშნა, რომ არ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას, თუ მას უფრო ხელსაყრელ პირობებს არ შესთავაზებენ.
„ჩვენ კონცენტრირებული ვართ გადაწყვეტილებების შეთავაზებაზე და თუ მართლაც არსებობს სურვილი ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირის მომავალ წევრად ხილვის, მაშინ არსებობს გზაც,“ – განაცხადამიცკოსკიმ ბრიუსელში.
ბულგარეთმა 2020 წელს დაბლოკა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. სოფია მოითხოვდა, რომ მას ეღიარებინა მაკედონიური იდენტობისა და ენის ბულგარული წარმოშობა, რაც შეურაცხმყოფელი მოთხოვნაა ჩრდილოეთ მაკედონიის მოსახლეობის უმეტესობისთვის.
ჩრდილოეთ მაკედონიამ 2022 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ქვეყანა 2005 წლიდან არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.