მაია ბითაძე სანქციებზე: ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომ საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოახდინონ
“სანქციებზე საუბარი კარგა ხანია გვესმის. ფინანსური სანქციები იქნება თუ სავიზო შეზღუდვები, არის ერთ-ერთი კომპონენტი იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
„ფაქტია, რომ მიზანი არის არჩევნებზე ზეგავლენა. რატომ ჰგონია ვინმეს, საქართველოს საზღვრებს მიღმა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ესმის, რომ არჩევნებზე ზეწოლა, ზეგავლენა, ამგვარი შანტაჟის მეთოდები მათზე ვერ გაჭრის. ძალიან ბევრი რამ დევს ხელის გულზე – რომ ხდება შანტაჟის, ზეწოლის მეთოდების გამოყენება იმისთვის, რომ მოსახლეობამ არჩევანი შეცვალოს. ეს არამც და არამც არ შეესაბამება არც საერთაშორისო სამართლებრივ და არც პარტნიორულ ურთიერთობებს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შევედრაზე შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.