WSJ: უკრაინაში ომს 1 მილიონი ადამიანი შეეწირა

მოკლული და დაჭრილი უკრაინელებისა და რუსების რიცხვი 2,5-წლიან ომში 1 მილიონ ადამიანს გაუტოლდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გაზეთის მტკიცებით, უკრაინული მხარის კონფიდენციალური მონაცემების მიხედვით, 80 ათასი უკრაინელი სამხედრო შეეწირა ამ ომს, ხოლო 400 ათასი – დაიჭრა. რაც შეეხება რუსეთის მონაცემებს, დასავლური დაზვერვის აზრით, რუსებმა ომში 200 ათასი სამხედრო დაკარგეს, ხოლო 400 ათასი ადამიანი დაიჭრა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მოტივაციას საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის გაზრდა წარმოადგენდა, ეს უკრაინული ტერიტორიებისა და მანდ მცხოვრები მოსახლეობის მიერთების ხარჯზე უნდა მომხდარიყო.

სპეციალისტების შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გამო უკრაინამ ბოლო 10 წელიწადში სულ მცირე 10 მილიონი ადამიანი დაკარგა.

როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, პუტინმა დიდი ხანია რუსეთში ქრონიკული დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, ამის შემდეგ კრემლმა ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაცია დაიწყო, უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და რუსული პასპორტების დარიგების სახით.

ომმა დამანგრევლად იმოქმედა რუსეთის დემოგრაფიაზე და შრომის ბაზარზე. სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი 600 ათასზე მეტმა რუსმა დატოვა. ძირითადად ესენი ახალგაზრდა სპეციალისტები არიან.

რუსეთის შეჭრამ კატასტროფული შედეგი მოიტანა უკრაინის მოსახლეობისთვისაც. 2001 წლის აღწერის მიხედვით, უკრაინაში 48 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. 2022 წელს, რუსეთის შეჭრამდე ქვეყნის მოსახლეობა 40 მილიონი ადამიანი იყო. გაეროს მტკიცებით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინა 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიები მიიერთა, ხოლო კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობის საერთო რიცხვი 27-დან 25 მილიონ ადამიანამდე შემცირდა.

ასევე იხილეთ