დევიდ ლემი: ახლა გამბედაობის დროა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ თეთრ სახლთან დელიკატური მოლაპარაკებები გრძელდება იმის თაობაზე, რომ უკრაინას რუსეთზე დარტყმებისთვის Storm Shado-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა მიეცეს. მისივე თქმით, ახლა გამბედაობის დროა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ლივერპულში ლეიბორისტული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლემიმ თქვა, რომ უკრაინის ომის სირთულეები და გამოწვევები „უფრო ღრმა და მკაცრი“ გახდება, განსაკუთრებით „2025 წლის ბოლოდან 2026 წლამდე“ და მის შემდეგ.
„ასე რომ, ეს არის კრიტიკული დრო ნერვების, გამბედაობის, მოთმინებისა და გამძლეობისთვის იმ მოკავშირეების სახელით, რომლებიც უკრაინის გვერდით დგანან”, – განაცხადა მან და მიანიშნა თეთრი სახლის მერყეობაზე, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთზე დარტყმებისთვის Storm Shadow-ის გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებული რისკებით შეშფოთებულია.
ლემიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები განიხილავენ, „სხვა რა შეიძლება იყოს საჭირო“ კიევის დასახმარებლად ბრძოლის ველზე, გარდა იმისა, რომ შეინარჩუნონ ფრონტის ხაზი, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით მწვავე ზეწოლის ქვეშაა.
„როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, რა თქმა უნდა, ოპერაციულ დეტალებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ეს მხოლოდ პუტინს დაეხმარება”, – განაცხადა ლემიმ და, როგორც ჩანს, Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენებაზე მიანიშნა – „მაგრამ ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, როდესაც ზამთარი ახლოვდება“.
The Times-ის ინფორმაციით, უკრაინამ შესაძლოა უახლოეს კვირებში რუსეთზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ფარულად მიიღოს. დიდი ბრიტანეთი და აშშ ნებართვის გასაცემად ემზადებიან, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებენ, რათა რუსეთისთვის დარტყმა მოულოდნელი აღმოჩნდეს.