სოზარ სუბარი: ევროპის მასშტაბით მთლიანობაში 150-ზე მეტი პარტიაა აკრძალული სხვადასხვა მიზეზით და არც ერთხელ თქმულა, რომ ამ ქვეყნებში არ არის დემოკრატია და საქართველო რატომ არის გამონაკლისი?!

„თუ ეს რეპრესიებია, რატომ არ არის რეპრესია ის 19 პარტია, რომელიც აიკრძალა უკრაინაში და იქ გაცილებით ნაკლები საბაბი ჰქონდათ ამის აკრძალვის?!” – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე დასმული კითხვის პასუხად გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ევროპის მასშტაბით მთლიანობაში 150-ზე მეტი პარტიაა აკრძალული სხვადასხვა მიზეზით და არც ერთხელ თქმულა, რომ ამ ქვეყნებში არ არის დემოკრატია და საქართველო რატომ არის გამონაკლისი?!

„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ქართველი ერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის რაღაც ნაწილში აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში პირდაპირ ჩაწერა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.

უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ გვინდა, რომ ოცნება მაინც შეგვეძლოს სამართლებრივ სახელმწიფოზე, ერთიან და მთლიან საქართველოზე და თუ გვინდა, რომ ველაპარაკოთ ოსებს და აფხაზებს, ჩვენს დებს და ძმებს, დიახ სამართალი უნდა აღდგეს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და იქ სადაც ბოდიშია მოსახდელი უნდა მოვიხადოთ. ბოდიშს იხდის ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ