ხათუნა ხოფერია: ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ვაფასებ ისე, როგორც ვაფასებთ ორჯონიკიძის მოღვაწეობას
„არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ვაფასებ ისე, როგორც ვაფასებთ ორჯონიკიძის მოღვაწეობას; როგორც ვაფასებთ – „საქართველოზე ფრიალებს წითელი დროშა. თბილისი თავისუფალია, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს! – სერგო ორჯონიკიძე“; ეს არის, მეტი არაფერი და ამას ისტორია ასევე შეაფასებს”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ხათუნა ხოფერიამ.
იგი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესაჩერებლად არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ეხებოდა.
მისივე თქმით, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული დირექტივა, რომელიც გამოქვეყნდა და იგი საკმაოდ დამაფიქრებელია.
„მაკკეინის ინსტიტუტით დავინტერესდი, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან?! აღმოჩნდა, რომ ჩვენი მაკკეინის ინსტიტუტი ეს არის გლობალური ომის პარტიის ფასადური სახე. ეს არის ცერეუ-ს მიერ დაარსებული ნეოკონსერვატორებისთვის ორგანიზაცია, რომლის დაფინანსებაც ხდება. ისინი ახლაც აქტიურად არიან ჩაბმული ომის საკითხების ლობირებაში, იარაღის ბიზნესში და ამ თემებთან მიბმულ პოლიტიკურ საკითხებში“, – აღნიშნა ხოფერიამ.