ლაშა ნაცვლიშვილი: შეგიძლია, ტერორში გყავდეს მოსახლეობა, მაგრამ თუ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-კეზერაშვილ-გვარამია ხარ, ამერიკულ სანქციას „ვერ გამოიმუშავებ“, იმავდროულად, თუ ქვეყნის პოლიტიკის უცხოური გავლენისგან დაცვის კონსტიტუციური პრინციპის ამოქმედება სცადე, „პერშინგებივით“ დაგაყრიან სანქციებს
„ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკა საქართველოს მიმართ „კვანტური მართლმსაჯულების“ კლასიკური შემთხვევაა, ვინაიდან სანქციის გამოყენების დროს სრულიად მოშლილია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი „დანაშაულსა“ და „სასჯელს“ შორის“, – ამის შესახებ სამართალმცოდნე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნაცვლიშვილი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციების პაკეტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „შეგიძლია, წლების მანძილზე ტერორში გყავდეს საკუთარი მოსახლეობა, მაგრამ თუ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-კეზერაშვილ-გვარამია ხარ, ამერიკულ სანქციას „ვერ გამოიმუშავებ“ და შეიძლება, დაგაჯილდოვონ კიდეც. იმავდროულად, თუ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვი, მაგრამ სხვის დანთებულ ხანძარში შენი სამშობლო შეშად არ შეუკეთე, „პერშინგებივით“ დაგაყრიან სანქციებს“.
„ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკა საქართველოს მიმართ „კვანტური მართლმსაჯულების“ კლასიკური შემთხვევაა, ვინაიდან სანქციის გამოყენების დროს სრულიად მოშლილია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი „დანაშაულსა“ და „სასჯელს“ შორის.
კერძოდ, თუ სანქცია გამოიყენეს, ეს არ ნიშნავს, რომ რამე დააშავე და თუ რამე დააშავე, ეს არ ნიშნავს, რომ სანქციას გამოიყენებენ.
შეგიძლია, მაგალითად, წლების მანძილზე ტერორში გყავდეს საკუთარი მოსახლეობა – აწამო პატიმრები, ქუჩაში ხოცო ხალხი, გაანადგურო ოჯახები, გააუქმო სიტყვის თავისუფლება და სასამართლო, გააყალბო არჩევნები, დაარბიო და მიიტაცო ტელევიზიები, დაარბიო და მიიტაცო ბიზნესი, გაძარცვო ჯარი და პენსიონერები, მაგრამ თუ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-კეზერაშვილ-გვარამია ხარ, ამერიკულ სანქციას „ვერ გამოიმუშავებ“ და შეიძლება, დაგაჯილდოვონ კიდეც.
იმავდროულად, თუ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვი, მაგრამ სხვის დანთებულ ხანძარში შენი სამშობლო შეშად არ შეუკეთე და, სულო ცოდვილო, ქვეყნის პოლიტიკის უცხოური გავლენისგან მინიმალურად დაცვის კონსტიტუციური პრინციპის ამოქმედება სცადე, „პერშინგებივით“ დაგაყრიან სანქციებს.
დასკვნა: აგენტურის მიმართ ნიუტონის ფიზიკა არ მუშაობს, აგენტურის მიმართ კვანტური მექანიკის „ჩახლართული“ (Quantenverschränkung) კანონებია ძალაში“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.