დავით კოდუა: ზუგდიდის 21 სოფლის 70-მდე უბანსა და ქალაქის 20-ზე მეტ ქუჩაზე შეხვედრები გავმართეთ – ამჯერად დავიწყეთ სოფლების მიხედვით გაფართოებული შეხვედრები

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დავით კოდუამ ზუგდიდის 21სოფლის 70-მდე უბანსა და ქალაქის 20-ზე მეტ ქუჩაზე გამართა ინდივიდუალური  შეხვედრები  მოსახლეობასთან.

დავით კოდუას თქმით, „ქართულ ოცნებას“, ოპონენტებისგან განსხვავებით, ძალიან მშვიდი, საქმიანი და კონკრეტული გეგმებით გაჯერებული საარჩევნო კამპანია აქვს.

„ჩვენ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზუგდიდის 21 სოფლის 70-მდე უბანში და ქალაქის 20-ზე მეტ ქუჩაზე ჩავატარეთ შეხვედრა. ეს იყო შეხვედრები ინდივიდუალური, ე.წ. კარდაკარის პრინციპით და უბნების მიხედვით.

ჩვენ შეხვედრებს ვაწარმოებთ ინდივიდუალურად, ვეცნობით საჭიროებებს და კონკრეტული გადაჭრის გზებს ვუსახავთ მოქალაქეებს.

დღეიდან კი, დავიწყეთ სოფლების მიხედვით გაფართოებული შეხვედრები. ამ ფორმატით მოვიცავთ ყველა სოფელს და ქალაქის ყველა უბანს.

ძალიან მშვიდი, საქმიანი და კონკრეტული გეგმებით გაჯერებული საარჩევნო კამპანია გვაქვს. ამ დროს ჩვენი ოპონენტები დაკავებული არიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნით, მოქალაქეებთან დაპირისპირებით, არცერთ პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა“, დელეგატი არ წარუდგენია ზუგდიდში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათი ზუგდიდისადმი მიდგომებს.

რეალური ძალა, ვისაც ამ მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში საქმის კეთება შეუძლია, არის მხოლოდ „ქართული ოცნება“, – განაცხადა დავით კოდუამ.

დავით კოდუამ მოსახლეობასთან შეხვედრები, ამჯერად ანაკლიაში, განმუხურსა და ერგეტაში გამართა.

კანდიდატი ანაკლიის პორტის მნიშვნელობას  უსვამს ხაზს და აღნიშნავს,  რომ პორტი იქნება ახალი შესაძლებლობა, არამხოლოდ ანაკლიის მიმდებარე სოფლებისთვის, არამედ მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ისტორიული მნიშვნელობის ეკონომიკური წინსვლის გარანტი.

„დღეს, შეხვედრები ანაკლიაში, განმუხურსა და ერგეტაში გავმართეთ. საუკუნის პროექტი –  ანაკლიის პორტი, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს, იქნება ახალი შესაძლებლობა, არამხოლოდ ანაკლიის მიმდებარე სოფლებისთვის, არამედ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობის, ეკონომიკური წინსვლის გარანტი. რომ არა უპასუხისმგებლო ხაზარაძე, ჩვენ უკვე გვექნებოდა პორტი.

პორტთან ერთად ჩვენ გვექნება ტურიზმის მიმართულება, რითაც დაიტვირთება განმუხურის სანაპირო, ჩვენ ჩავატარებთ მუსიკალურ ფესტივალებს ამ უნიკალურ საკურორტო ზონაში, რაც მოგვცემს საშუალებას ადგილობრივ მოსახლეობას მივცეთ დამატებითი ეკონომიკური ბენეფიტები და მოვახდინოთ ჩვენი საკურორტო ზონის პოპულარიზება მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნავს დავით კოდუა.

ასევე იხილეთ