„არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშთან დაკავშირებით, დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავის დროზე ცალკეული NGO-ები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.
„ეს ალბათ არავისთვის არ არის გასაკვირი, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. თავის დროზე, როცა განიხილებოდა ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, მაშინაც, ეს ადამიანები, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის შესაბამისი NGO-ები, აქტიურად ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ. ამის შემდეგ გახსოვთ ანალოგიური პროცესები, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აქაც ეს NGO-ები, ისევე, როგორც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პირდაპირ ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი არ სცემდნენ პასუხს კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ამ ნეგატიური კამპანიის ფონზე ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ახლაც არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ამ ადამიანებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის და საბოლოო ჯამში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.