სსჟა: თამარ ჯიშკარიანმა დაარღვია ეთიკის ნორმები და მისი მხრიდან მოხდა ნაგი კუპრაძის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურად შეხება, რაც ყოვლად დაუშვებელი და შეუფერებელი საქციელია
ეროვნული ლიგა 2-ის მატჩზე, „დინამო თბილისი 2“-სა და „სპაერს“ შორის, „დინამოს“ აკადემიის ბაზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია აღმასკომის გადაწყვეტილებას აქვეყნებს:
„სსჟა-ს აღმასკომმა მოისმინა სპორტული ჟურნალისტის, საფეხბურთო კლუბ ტყიბულის „მეშახტეს“ მედიაოფიცრისა და საფეხბურთო კლუბ „სპაერის“ ფოტოგრაფის, ნაგი კუპრაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინციდენტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, ეროვნული ლიგა 2-ის მატჩზე, „დინამო თბილისი 2“-სა და „სპაერს“ შორის, „დინამოს“ აკადემიის ბაზაზე. ასევე, ასოციაციის აღმასკომმა მიიღო ინფორმაცია ინციდენტის შემსწრე სხვა პირებისგან და ნახა ვიდეომასალა. შეთავაზების მიუხედავად, აღმასკომის სხდომაზე მოსვლა იუარა და საკუთარი პოზიცია არ დაიცვა ინციდენტის მონაწილე მეორე პირმა, თამარ ჯიშკარიანმა. მიღებული ინფორმაციიდან და წარმოდგენილი ვიდეომასალიდან, ცალსახად დასტურდება, რომ თამარ ჯიშკარიანმა დაარღვია ეთიკის ნორმები და მისი მხრიდან მოხდა ნაგი კუპრაძის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურად შეხება, რაც ყოვლად დაუშვებელი და შეუფერებელი საქციელია არა მხოლოდ როგორც კოლეგის, არამედ, ზოგადად ადამიანის უფლება-თავისუფლებების ხელყოფის თვალსაზრისით. აღნიშნულის საფუძველზე, ასოციაციის აღმასკომი ადგენს:
თამარ ჯიშკარიანს დაევალოს, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებისთვის ბოდიში მოუხადოს ნაგი კუპრაძეს საჯარო სივრცეში(ფეისბუკზე). ბოდიშის არმოხდის შემთხვევაში, ასოციაციის კონფერენცია, რომელიც გაიმართება 2024 წლის 24 ნოემბერს, განიხილავს აღნიშნულ საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას წევრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით“.