დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გიორგი ღავთაძემ მოაწერეს.
„გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და ინფორმირება გარემოსდაცვითი მიმართულებით მათი პასუხისმგებლობის და ცოდნის გაღრმავებისთვის და, სამომავლოდ, აღნიშნული მიმართულებით კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობებსა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით, მოხდება სტუდენტების ინფორმირება გარემოსდაცვით და დაცული ტერიტორიების საკითხებზე, განხორციელდება საველე გასვლები, საინფორმაციო ეკოტურები და საჯარო ლექციები.