„Arab news magazine“-ის ჟურნალისტი: საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, საუდის არაბეთიდან საქართველოს ბევრი სტუმარი ჰყავს
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „Euronews Travel“-ის, „Forbes“-ის, „Bloomberg Travel“-ის, „Conde Nast“-ის, „Le Monde“-ის, „Prestige Communcation“-ისა და „Arab News“-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ.
„Arab news magazine”-ის ჟურნალისტი აბდულფატა ბენგასენ ლოჯიენი საქართველოს ტურისტული მიმართულების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„სულ მცირე დროა, რაც აქ ვიმყოფები, სიმართლე გითხრათ, გაოგნებული ვარ იმით, რომ საქართველო და საუდის არაბეთი ასე ახლოსაა ერთმანეთთან. მოუთმენლად ველოდები მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაზე დასწრებას. ქართველი ხალხი, ბუნება, ნამდვილად შთამბეჭდავია. ქვეყნის არქიტექტურა ნათლად აღწერს და გამოხატავს საქართველოს.
საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს საქართველოს საუდის არაბეთიდან. ქართველები მათ გულთბილად ხვდებიან და სტუმრებიც კმაყოფილები რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვარ საქართველოში, ჩემი ქვეყნის წარმომადგენლებისგან ვიცი, რომ აქ არაჩვეულებრივ დროს ატარებენ“, – აცხადებს „Arab news magazine“-ის ჟურნალისტი.
27 სექტემბერს საქართველო გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“.