მიხეილ სარჯველაძე: ძალიან კარგად ხვდებიან ოპოზიციაშივე, რომ უმძიმესი დილემების წინაშე დგანან

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც უზრუნველყოფს რეალურად იმას, რომ ჩვენ შევძლოთ და მაღალი, ამბიციური გეგმები დავისახოთ ამ მოსალოდნელ არჩევნებშიც. ეს უდავოდ ასეა და არ არის დამოკიდებული ოპოზიციაში მიმდინარე კონფიგურაციების ცვლილებებზე“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ, აქცენტი პოლიტიკურ გაერთიანებებზე გააკეთა.

„თვითონაც ძალიან კარგად ხვდებიან, ოპოზიციაშივე, რომ უმძიმესი დილემების წინაშე დგანან. მაგალითად, გახარიას და „ლელოს“ გაერთიანების საკითხი. ყველა კარგად ხვდება, რომ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, ეს არ არის მექანიკური ჯამი. ერთი პოლიტიკური გუნდის ამომრჩეველს, შეიძლება, ჰქონდეს აბსოლუტური მიუღებლობა იმ პოლიტიკურ გუნდის, რომელიც შეიძლება, გაერთიანების სუბიექტი აღმოჩნდეს. მას არ მოსწონს ის, ამიტომ შეიძლება, ამ გაერთიანების შედეგად, ის კი არ დარჩეს მათ ამომრჩევლად, არამედ საერთოდ გაერიდოს – ამომრჩეველი აღარ იყოს არც ერთის და არც მეორის.

გახარიას და „ლელოს“ ურთიერთთავდასხმების ისტორიები, რა თქმა უნდა, ქართველ ამომრჩეველს ძალიან კარგად ახსოვს. ახლა, ამ ფონზე, რაც არ უნდა ეცადონ ახსნა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის ვიღაცამ რაღაცა დათმო და არ დათმო – ერთმანეთს ნაძირალებს ეძახდნენ და ასეთ ფონზე ერთმანეთთან შერიგება როგორ შეიძლება, ახსნან. პოლიტიკური პარტნიორობის ახსნა ქვეყნისთვის სასარგებლოდ „ნაძირალასთან“ გაერთიანებით?!”

მიხეილ სარჯველაძემ პოლიტიკურ გაერთიანებაში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიმდინარე ცვლილებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება, რომ პარტიულ სიაში არ იქნება, მისივე პირადი ინტერესებითაა ნაკარნახევი.

„მისი ეს გადაწყვეტილება, ჩემთვის პირადად, ერთადერთი ფაქტორით არის ახსნადი, ის ძალიან კარგად ხვდება, რომ განწირულია მარცხისთვის და საკუთარი პერსონალური რეპუტაცია არ უნდა, რომ შეეწიროს იმ გარდაუვალ პოლიტიკურ მარცხს, რომელიც ემუქრება 26 ოქტომბერს მის პოლიტიკურ პარტიას.

ხოშტარია, ჯაფარიძე და ა.შ, თუ ამათ სიახლეზე კეთდება აქცენტი, რა თქმა უნდა, ყოველგვარად დაცლილია შინაარსისგან სიტყვა ახალი მათ ხელში, როგორც მთლიანად დაცლილია ყოველგვარი პერსპექტივისგან ეს პოლიტიკური გაერთიანება.

რეალურად სიტუაცია ასეთია, არავითარი რესურსი, რომ მობილიზება გაუკეთონ ახალ პოლიტიკურ განაცხადს, ახალ პოლიტიკურ სახეებს, მათ არ გააჩნიათ. არც კარგად დავიწყებულია, რომ განახლების საფუძველი ჰქონდეს ამ პოლიტიკურ ძალებს. არ დავიწყებია ქართველ ხალხს, ვინ სად იდგა, როდესაც მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სწორი პოზიციის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური, მაპატიეთ ჟარგონისთვის, ბლეფი, რომელსაც სთავაზობენ საზოგადოებას. ეს არის რეალურად მთლიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც დასჭირდა დისტანცირება ძირითად ბირთვთან, მარტო იმიტომ, რომ არ ზიდონ ის უმძიმესი პოლიტიკური ჯვარი და პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია, წარმოადგენდე ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი განზე გადგნენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე იხილეთ