„როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – „ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის მქონე ქვეყნად იქცა NATO-ს მისიებში ერაყსა და ავღანეთში.
„მახარებს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და მადლობას ვუხდი სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან დროული დებატების წამოწყებისთვის.
1946 წლის გაერო-ს პირველ სესიაზე დამფუძნებლები მსოფლიოს დაპირდნენ გაერთიანებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას. 2-ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ NATO-სა და ევროკავშირის მისიებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რითაც სულადობრივად, ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყნად იქცა საქართველო NATO-ს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32-მა მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიღო საბოლოო მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით სხვა დაშავდა თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა პრემიერმა.