„ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს.
„რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას, ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. გაბუტვა ბავშვური საქციელია. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, ერთი რამე უნდა იცოდეს საზოგადოებამ და გამოიტანოს დასკვნები – ამ ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, თუ რაც იყო, ბაიდენის მიწვევით ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფო ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის გაფორმებულად, კონსტიტუციურად არის ავტორიტარული. ავტორიტარულ ქვეყნებს იწვევენ და შენ გიუქმებენ მოწვევას, ამაზე გამოიტანოს საზოგადოებამ დასკვნები. მას შემდეგ, რაც გაუქმდა ბაიდენის ვახშამი, მათ შორის დავით ზალკალიანთან ერთად წავედით და ვივახშმეთ ქართულად“, – განაცხადა პრემიერმა.