ზურაბ პოლოლიკაშვილი: ჩვენ ერთად შეგვიძლიათ შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არა მხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ
„მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს და ამავდროულად, ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება. მშვიდობაა, რაც ასე გვჭირდება, თან ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, – ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ტურიზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, ეს მშვიდობის თემაა.
„ომი ყველგან არის ჩვენს ირგვლივ. ბევრ ჩვენგანს ომი არა მხოლოდ ტელევიზორში ან გაზეთებში უნახავს, ჩვენ მასში ვიცხოვრეთ. ყოველდღე ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები იტანჯებიან. ვხედავთ, როგორ ხდება მთელი მოსახლეობის ტრავმირება, ქვეყნებში ეკონომიკის ნგრევა. ვხედავთ, გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, უთანასწორობას, დეზინფორმაციას და კლიმატის კრიზისს“,- განცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
მისი თქმით, ორი მსოფლიო ომის შემდეგ, ტურიზმი გამოიყენებოდა როგორც ერებს შორის მშვიდობის აღდგენის და ხელშეწყობის საშუალება.
„ვხედავ ისეთ მომავალს, სადაც გაერო და ყველა პარტნიორი იმუშავებენ ხელიხელჩაკიდებულნი უფრო სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ჩვენ ერთად შეგვიძლიათ შევქმნათ ისეთი ტურისტული სექტორი, რომელიც არამხოლოდ რეაგირებს კონფლიქტებზე, არამედ ხელს უშლის და აგვარებს მათ“, -აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი, სადაც სპიკერები ტურიზმის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ.