„საზოგადოებას სჭირდება შეხსენება, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებით.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, თუ რა საფრთხე აირიდა საქართველომ თავიდან, აუცილებელია.
„ეტყობა, თქვენ კარგად იცნობთ ბრეჟნევს და მის იდეოლოგიას, მოგწონთ და ატარებთ, რადგან ეძიებით და იცით მისი იდეოლოგია. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. რაც შეეხება თბილისის ქუჩებში გამოკრულ ბანერებს, ეს არის სამწუხარო რეალობა. მხედველობაში მაქვს უკრაინაში მიმდინარე ომი. უმძიმესია ის შედეგები, რაც მოაქვს ომს. სამწუხაროდ, საქართველოში წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიები რადიკალური ოპოზიციის სახით, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, ერთნი არიან ისინი და რადიკალური პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, აჟღერებდნენ, რომ გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, მაშინ, როდესაც ჩვენ სანქციებს არ შევუერთდით და მეორე ფრონტთან დაკავშირებით მკაფიო მესიჯი გავაჟღერეთ. შესაბამისად, საზოგადოებას სჭირდება შეხსენება, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი. რას ვირჩევთ ჩვენ – ომს, წარსულში დაბრუნებას, უბედურებას, განადგურებულ ქალაქებს და სოფლებს თუ ვირჩევთ მშვიდობას, განვითარებას, წინსვლას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.