ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოში ინვესტირებისთვის საჭირო ორ ძირითად საკითხზე ისაუბრა
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას, ინვესტირების გზამკვლევის შემუშავების პროცესზე ისაუბრა, რომელიც ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოიცა და მის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში.“
მისი განმარტებით, როდესაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ინვესტიციების დეპარტამენტი შექმნა, შესაბამისად, გადაწყდა იმ ქვეყნების დახმარება, რომელთაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სურდათ. ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, ამისთვის იყო საჭირო გზამკვლევის შემუშავება და ამ მიმართულებით განსაკუთრებული როლი შეასრულა ინვესტიციების ბანკმა (KAF Investment Bank).
„ჩვენ შევქმენით გზამკვლევი, როგორ უნდა ვესაუბროთ ინვესტორებს და როგორ უნდა დავარწმუნოთ ისინი, ასევე – რატომ უნდა დააბანდონ ფული ტურიზმის სექტორში. ჩვენ ვესაუბრებოდით წევრ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი გამოირჩეოდა საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობით, პოლიტიკური შეხედულებებითა და მახასიათებლებით. ამასთანავე, მათ აქვთ სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო ბაზები, ინიციატივებიც განსხვავებულია. ჩვენ გვქონდა ჩამონათვალი ქვეყნებისა, რომლებიც მოგვმართავდნენ თავიანთი გეგმებით და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ ამ საინტერესო გზამკვლევის შემუშავება“ – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უკვე 20-მდე მსგავსი ტიპის გზამკვლევი იქნა შემუშავებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის.
„პირველ რიგში, უნდა ჩამოხვიდეთ საქართველოში და შემდეგ ფული უნდა დააბანდოთ – ეს არის ორი საუკეთესო რამ, რაც უნდა გააკეთოს ინვესტორმა!“ – მიმართა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას.