გიორგი ქოჩორაშვილი: ეს ჩემს დნმ-შია, თუ ბურთი შენ გაქვს, უნდა წაგართვა!

„ლევანტეს“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

მან გაიხსენა ევროპის ჩემპიონატი, ასევე ისაუბრა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე და პირად მიზნებზე.

– რას ნიშნავდა შენს კარიერაში ევროპის ჩემპიონატზე თამაში?

– ევროპის ჩემპიონატზე თამაშმა მეტი თავდაჯერება მომცა. იცი, რომ სწორ გზაზე ხარ. ეს იყო იმის შედეგი, რასაც ცხოვრებაში და ნაკრებში აკეთებ. თუ იმუშავებ, დაჯილდოვდები. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ თუ იმუშავებ მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, კარგ შედეგს მიაღწევ.

– როგორია ამ მასშტაბის ტურნირზე თამაში?

– თავს ბედნიერად გრძნობ. შეიძლება, ითქვას, ბავშვობაში ამაზე ვერც ვოცნებობდით, რადგან ვერ წარმოვიდგენდით, რომ იქ მოვხვდებოდით. ბევრი ფიქრობს, რომ ამის გაკეთება ძალიან მარტივია, გადი მოედანზე და ითამაშე, მაგრამ ასე არ არის, ადვილი არაა. მეორე დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელისთვის ადვილი არაა ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც ბუნდესლიგაში ან სერია A-ში თამაშობენ. მენტალურად ბევრი ვიმუშავე და ამის წყალობით, ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ, თავდაჯერებული ვარ. თუ გონებრივად არ ხარ მომზადებული, თუნდაც ფიზიკურად ძალიან კარგად იყო, თავს ძლიერად ვერ იგრძნობ. უნდა დაიჯერო, რომ რაღაცის მიღწევა შეგიძლია.

– საქართველოსთვის ეს ისტორიული მოვლენა იყო…

– ეს იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ, იმედია, ბოლო არ იქნება. დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას კიდევ მივაღწევთ. როდესაც ესპანეთთან წაგების შემდეგ საქართველოში დავბრუნდით, ისე დაგხვდნენ, თითქოს ტურნირი მოვიგეთ. ძალიან მაგარი იყო. ამან გვასწავლა, რომ შეიძლება წააგო, მაგრამ თუ მოედანზე ყველაფერს გააკეთებ, დაგიფასდება. შრომა და მამაცობა ყოველთვის ემახსოვრებათ. არ აქვს მნიშვნელობა, დამარცხდები თუ არა, მთავარია, ყველაფერი გაიღო და ეს უკვე წარმატებაა.

– როგორი იყო ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი?

– ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაში იყო კლუბი, ჩემს ოჯახს ვესაუბრე, „ლევანტეში“ კარგად ვარ. ბაზარზე ბევრი რამ ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ამიტომ, ვცდილობდი, ამ ყველაფრისგან თავი შორს დამეჭირა. ვიცოდი, რომ მხოლოდ თამაშზე უნდა ვყოფილიყავი კონცენტრირებული, მევარჯიშა, მესწავლა მწვრთნელისგან, მისი იდეები გამეგო, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ღია იყო. „ლევანტეში“ რომ დავრჩი, გამიხარდა. ვაგრძელებ ამ გუნდის ღირსების დაცვას და შემიძლია, ჩემი წვლილი შევიტანო წარმატებაში.

კალეროსგან ყოველდღიურად რაღაცას ვსწავლობ, ისევე, როგორც ვილი სანიოლისგან. კალერო შეტევის წამოწყებას, ბურთის დაჭერას და მის განაწილებას მავალებს. როდესაც ბურთს ვკარგავთ, ვზრუნავთ მის სწრაფად დაბრუნებაზე და გაცილებით აგრესიულად ვმოქმედებთ. ეს ჩემს დნმ-შია. როდესაც ბურთი შენ გაქვს, მინდა, რომ წაგართვა. ჩემთვის სულერთია, რამდენს ირბენ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბურთი დავიბრუნო.

– შეიძლება ეს შენი სეზონი იყოს?

– მე ვარ ადამიანი, რომელიც ამბიციურია, მაგრამ ეს ყველაფერი შრომიდან მოდის. ვცდილობ, ყველა ასპექტში ვიმუშაო. მაგიდის ოთხი ფეხი ავიღოთ და თითოეულს დავარქვათ სახელი: ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და მენტალური – თუ ეს ოთხივე ფეხი ძლიერია, მაგიდაც მტკიცე იქნება. ეს არის ის, რაც მინდა, რომ მქონდეს. გავაგრძელებ გაუმჯობესებას, რათა უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გავხდე. მზად ვარ, სეზონში 50 მატჩი ვითამაშო კლუბსა და ნაკრებში.

 

ასევე იხილეთ