„The Economist“: ომი ცუდად მიდის. უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა კურსი უნდა შეცვალონ
„უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა გამარჯვების სურვილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი მარცხი უნდა აღიარონ. სტატიას ამ შინაარსით „The Economist“ ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რუსეთი და უკრაინა ომს გამოფიტვაზე აწარმოებენ. რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში წინ მიიწევს, ხოლო თავად უკრაინა ომში მოკლულებს, დაჭრილებს და ნგრევის შედეგებს ითვლის.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირას აშშ-ში ჩავიდა, ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა და გამარჯვების გეგმა გააცნო. როგორც მრავალი ადამიანი ვარაუდობდა, ახალი გეგმა შეიცავს მოწოდებებს მეტი იარაღისა და ფულის გამოყოფისკენ. სინამდვილეში უკრაინას რაღაც უფრო ამბიციური სჭირდება: კურსის სასწრაფო ცვლილება.
„The Economist“ აღნიშნავს, რომ ბოლო ცნობებით, რუსეთის დანაკარგები დღეში დაახლოებით 1 200 მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცია. საერთო ჯამში მათ 500 ათასი ადამიანი დაკარგეს. თუმცა, უკრაინა, რომელიც რუსეთზე ხუთჯერ პატარაა, ასევე განიცდის დიდ დანაკარგებს. მისი თავდაცვითი ზღუდეები შესაძლოა მოიშალოს, სანამ რუსეთის სამხედრო ძალა საკუთარ პოტენციალს ამოწურავს.
უკრაინას აგრეთვე პრობლემები აქვს ელექტროენერგიით მომარაგებისა და ჯარში მობილიზაციის კუთხით. როგორც „The Economist“ წერს, უკრაინას სამხედრო დახმარება და უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. მას რუსეთის ნებისმიერი შეტევის მოგერიება უნდა შეეძლოს, რათა მოსკოვს სამხედრო მოქმედებების უპერსპექტივობა დაანახოს.
გარდა ამისა, უკრაინას საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარება სჭირდება, და ამ საქმეში მას მხარდაჭერა სხვა ქვეყნებმა უნდა გამოუცხადონ. ნატო-ში წევრობასაც შეუძლია უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
ომის გაგრძელებამ შესაძლოა მოსახლეობის რადიკალიზაცია და რუსეთთან მიმართებაში მტრული განწყობების გაძლიერება გამოიწვიოს. დასავლეთმა უკრაინას ახალი გეგმები უნდა შესთავაზოს. გამოცემა ვარაუდობს, რომ, თუ ეს ყველაფერი არ გაკეთდება, უკრაინა და მთელი მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.