ბენიამინ ნეთანიაჰუ: “ჰეზბოლას” ლიდერის ლიკვიდაციით, ისრაელმა ანგარიში გაუსწორა მათ, ვინც პასუხისმგებელია ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მკვლელობაზე
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ბეირუთში „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.
ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციით, ისრაელმა „ანგარიში გაუსწორა მათ, ვინც პასუხისმგებელია ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის ასობით ამერიკელისა და ათობით ფრანგის მკვლელობაზე.“
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნასრალას მკვლელობა „დასახული მიზნების მიღწევის აუცილებელ პირობად“ შეაფასა.
„ვიდრე ნასრალა ცოცხალი იქნებოდა, ის სწრაფად აღადგენდა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც „ჰეზბოლას“ წავართვით. ამიტომაც გავეცი დირექტივა – და ნასრალა ჩვენთან აღარ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლა ისტორიულად გარდამტეხი მომენტია, რომელმაც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი შეცვალოს.
„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, განვაგრძოთ დარტყმები ჩვენი მტრის წინააღმდეგ, დავაბრუნოთ ჩვენი მოსახლეობა სახლებში და დავაბრუნოთ ყველა გატაცებული. ჩვენ მათ წუთითაც არ ვივიწყებთ“, – დასძინა ნეთანიაჰუმ