სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2024 წ. 26 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, მაქვს უდიდესი პატივი მოგესალმოთ და დაგიდასტუროთ ჩვენი პატივისცემა, ქალბატონო ნათია და საქართველო ეროვნული ბანკის ყველა თანამშრომელს, რომელნიც თავდაუზოგავად მუშაობთ საქართველოს ეკონომიკის წარმატებისა და განვითარებისათვის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს ის ცოცხალი ხიდია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დროებით ოკუპირებულ ჩვენს მშობლიურ კუთხეს ენგურსგამოღმა ტერიტორიასთან. ამიტომ ძალიან დიდი პატივი და საამაყოა, რომ ამ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციაში, როგორიც გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკი, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია აფხაზეთის ოთახის გახსნა, რაც მიმანიშნებელია ჩვენი ერთიანობისა და ჩვენი საერთო ტკივილისა, რომლის ოკუპაციიდან ხვალ 31 წელი სრულდება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი მასშტაბური მემორანდუმი სებ-მა პირველად ჩვენთან გააფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ მალე თქვენს დელეგაციას ჩვენ სოხუმში ვუმასპინძლებთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ქართველთა და აფხაზთა ერთიანობისათვის. ეს ჩვენი უნივერსიტეტის მისიაა, ჩვენი ბედისწერაა. საამისოდ შემუშავებული გვაქვს სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც წარმოდგენილია კონცეფციაში „საუნივერსიტეტო დიპლომატია“. სსუ-მა უნდა მოახდინოს აფხაზეთის რეინტეგრაცია დანარჩენ საქართველოსთან. უკვე მუშაობს ჩვენთან სამშვიდობო განათლების ცენტრი, სადაც სამშვიდობო ეკონომიკურ იდეებსაც იკვლევენ და პროექტებს გეგმავენ. აღნიშნულ იდეას კი მნიშვნელოვანი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს სამთავრობო თუ საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან და ანალიტიკური ცენტრებიდან. ჩვენთვის აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ტაფტის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და სამართლის ფლეტჩერის სკოლის, რომელიც აღიარებული ცენტრია საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის კვლევებისა, დადებითი გამოხმაურება. მათ ორიოდე წლის წინ საკუთარი კათედრა დაგვითმეს, სადაც უშუალოდ გავაცანით ეს იდეა. ძალიან მალე ჩვენი უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო განათლების ჰაბი გახდება. უკვე მუშავდება საგანგებო ასოციაციის შექმნის პრინციპები. დაახლოებით, „დავოსის სამიტის“ მსგავს ფორმატს დავაარსებთ. დარწმუნებული ვარ, ამ სასიკეთო და საქვეყნო ინიციატივებში ერთად იქნებიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული ბანკი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის, მასპინძლობისთვის“, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ისაუბრა ეროვნული ბანკის ახალ ინიციატივებზე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ფინანსური განათლების განვითარების თვალსაზრისით:
„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ეს ყველას გათავისებული აქვს ჩვენს სახელმწიფოში. მიხარია, რომ ეს მემორანდუმი გავაფორმეთ, თუმცა სებ-ი და სსუ აქამდეც მშვენივრად ვთანამშრომლობდით, მაგრამ ამ ხელშეკრულებამ ეს კოოპერაცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ შინჯიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხვია გვარამია, აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი, პროფესორი ლალი გაბისონია, სებ-ის თანამშრომლები.