აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქარიშხალ „ელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქარიშხალ „ელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ჯორჯიაში, ფლორიდასა და ვირჯინიაში. დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ, რადგან რეგიონში წაქცეული ან დაზიანებულია მობილური ტელეფონების ანძები, რის გამოც ასობით ადამიანი ახლობლებთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

ქარიშხლის შედეგად მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, დაზიანდა გზები და ხიდები.

ამჟამად ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ შტატებში მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის, რომელმაც შესაძლოა, 100 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული შტატი ჩრდილოეთ კაროლინაა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან სამაშველო რაზმები 19 შტატიდან.

თეთრი სახლის ცნობით, მიმდინარე კვირაში სტიქიის ზონაში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა.

 

ასევე იხილეთ