რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვლადიმერ ცაბაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ