ალბათ ცოტას თუ ეცოდინება, რომ ფეხბურთის კარუზო – ბორის პაიჭაძე სრულიად შემთხვევით მოხვდა სპორტის სამყაროში. მან საზღვაო სკოლა დაამთავრა და გემზე მთავარი მექანიკოსის თანაშემწედ მუშაობდა. ისეთი გზით მიდიოდა, ალბათ მერე კაპიტანიც გახდებოდა. ერთმა დეპეშამ გადაწყვიტა მისი ამბავი… რომ არა ის დეპეშა ბორის პაიჭაძე ინგლისში წავიდოდა და, ალბათ, ფეხბურთელიც ვერ გახდებოდა. ფეხბურთელი, რომელიც არაერთი ადამიანისთვის გახდა მისაბაძი თავისი ნიჭით, მონდომებითა და პროფესიონალიზმით.
1945 წელს ევროპაში მისი თამაში პირველად რომ ნახეს, „ფეხბურთის კარუზო“ შეარქვეს.
1936 წელს თბილისის „დინამო“ უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებდა და მოსკოვში „სპარტაკს“ 6:3 მოუგო, მეორე დღეს პრესაში დინამოელებს „დიდი ურუგვაელები“ უწოდეს, მას კი – ბრწყინვალე ფორვარდი.
მიხეილ ჯოჯუა: „წარმოიდგინე ადამიანი, ვისაც ფეხბურთის მოედანზე ბურთით აბსოლუტურად ყველაფრის კეთება შეუძლია და მიიღებ ბორის პაიჭაძის პორტრეტს“.
ანდრო ჟორდანია: „ჩვენს დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიხვეჭდა, ვიდრე დი სტეფანო და პელე”.
ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტის- მარტინ მერჟანოვის თქმით, პაიჭაძე ბუნებით ისეთივე იშვიათობა გახლდათ, როგორიც თვითნაბადი ოქრო.