ისრაელმა გაერო-ს გენერალური მდივანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რადგან მისივე თქმით, გუტერეშმა ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმა „ცალსახად“ არ დაგმო.
„ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე… ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიუ გუტერეშთან ერთად ან მის გარეშე“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სამშაბათს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოხსენიებულია მხოლოდ „ახლო აღმოსავლეთის ბოლო თავდასხმები“ და დაგმობილია „კონფლიქტის ესკალაცია“.