ლევან მაჭავარიანი: ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს კანონთან სრულად შესაბამისობაში და პოლიტიკურ კონტექსტს არ ითვალისწინებს
„ანტიკორუფციული ბიურო მუშაობს სრულად კანონის შესაბამისობაში და პოლიტიკურ კონტექსტს არ ითვალისწინებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკური რეკლამები გამჭვირვალეა და ყველა თანხის წარმომავლობა ჩანს.
ამასთან, მაჭავარიანი ამბობს, რომ „ლელოს“ პოლიტიკური რეკლამის თანხები გაუმჭვირვალეა.
„თუ გაითვალისწინებს პრემიერის მოწოდებას ანტიკორუფციული ბიურო, კარგი იქნება, რათა მანდაც, სასპეკულაციო არ დავუტოვოთ.
„ლელოს“ შემთხვევაში გაუმჭვირვალეა პოლიტიკური რეკლამის თანხები, როდესაც კანონით სავალდებულოა, საჯარო იყოს ეს ინფორმაცია. ჩვენ რა პოლიტიკური რეკლამაც გვაქვს, „ფეისბუკით“ იქნება თუ სხვა საშუალებით, აბსოლუტურად ყველაფერი არის გამჭვირვალე და ყველა თანხის წარმომავლობა ჩანს.
პრემიერის მოწოდება სწორედ ეს არის, უკვე არჩევნები ძალიან ახლოვდება და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, 3 თუ 4 თვის წინ დაიწყო ეს კამპანია, რომელიც ემსახურება არჩევნების დისკრედიტაციას, ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, იქნებ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ეს თემები ცოტა სხვა ჭრილში განიხილოს, რისი უფლებაც მას აქვს, როგორც ქალბატონი გიგაურის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეცია და მოუხსნა „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ სტატუსი.
ამ ყველაფრის მიზანი მხოლოდ ისაა, რომ არანაირი სპეკულაციის მიზეზი არ დავუტოვოთ არც შიდა და არც გარე აქტორებს“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.