ლიეტუველმა მესაზღვრეებმა რუს გამცილებლებს ვაგონიდან სიმბოლო „Z“ წააშლევინეს
ლიეტუველმა მესაზღვრეებმა უარი თქვეს მოსკოვი-კალინინგრადის სატრანზიტო მატარებლის გაშვებაზე, რომლის ერთ ვაგონზე სიმბოლო „Z“ იყო დატანილი და მეორეზე კი – „ვილნიუსი რუსეთის ქალაქია“. ინფორმაციას ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურიდან DELFI ავრცელებს.
როგორც ლიეტუველმა მესაზღვრეებმა აღნიშნეს, გასულ კვირას მოსკოვი-კალინინგრადის სატრანზიტო მატარებელი კენას სადგურზე შევიდა.
ერთ-ერთ ვაგონზე მესაზღვრეებმა შენიშნეს რუსული არმიის სიმბოლო „Z“. ამას გარდა, სხვა ვაგონზე იყო წარწერა – „ვილნიუსი რუსეთის ქალაქია“.
მატარებლის თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ საიდან გაჩნდა ვაგონზე ეს წარწერები.
როგორც ცნობილია, ლიეტუვაში აკრძალულია რუსეთის ომის სიმბოლოების გამოყენება. დამრღვევებს ემუქრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმა.