ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას აუცილებლად უპასუხებს
“ისრაელი ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას აუცილებლად უპასუხებს”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ირანმა ჩვენი ტერიტორიისა და ქალაქების მიმართულებით ორჯერ გაუშვა ასობით რაკეტა – ისტორიაში ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი უმსხვილესი თავდასხმა. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა ასეთ თავდასხმას თავის ქალაქებსა და მოქალაქეებზე, არც ისრაელის სახელმწიფო შეეგუება. ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა გაანადგურა „ჰეზბოლას” რაკეტების მარაგის „დიდი ნაწილი.“
„ჩვენ გავანადგურეთ „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა და „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობა, გავანადგურეთ რადვანის ძალების მეთაურები, რომლებიც გეგმავდნენ გალილეაში შეჭრას და ჩვენი მოქალაქეების უფრო დიდ და საშინელ ხოცვა-ჟლეტას, ვიდრე 7 ოქტომბერს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დაგვისრულებია საფრთხის აღმოფხვრა, ჩვენ აშკარად შევცვალეთ ომის მიმდინარეობა და ბალანსი“,– განაცხადა ნეთანიაჰუმ.