დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრების განახლებასა და მათ მიერ პრემიერობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.
„მისი მხრიდან უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარმოდგენა?! არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც უნდათ, ის წარმოადგინონ. უბრალოდ, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა და, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.