შალვა პაპუაშვილი: ტექნიკური მთავრობის იდეა გაჟღერდა 2022 წლის ივნისში, როდესაც „ენჯეოები“ აპირებდნენ კონსტიტუციის გვერდის ავლით, ხელისუფლების ხელში ჩაგდებას – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, „ISFED“-მა და სხვებმა, დღეს რომ დამკვირვებლებად წარმოაჩენენ თავს, თქვეს, რომ უნდა გადადგეს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა

„ტექნიკური მთავრობის იდეა ახალი არ არის და შეგახსენებთ, როდის გაჟღერდა –  ეს გაჟღერდა 2022 წლის ივნისში, როდესაც „ენჯეოები“ პარლამენტის წინ ავიდნენ სცენაზე და აპირებდნენ კონსტიტუციის გვერდის ავლით, ხელისუფლების ხელში ჩაგდებას“,  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახლა არჩევნების დამკვირვებლებად წარმოაჩენენ თავს, ორი წლის წინ სცენიდან ითხოვდნენ ხალხის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომას და იმგვარად დაკომპლექტებას, რომ ლეგიტიმაციის არმქონე „ენჯეოებს“ ვეტოს უფლება ჰქონოდათ.

შესაბამისად, პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ხელში ჩაგდების ეს მცდელობა ქართულ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის ხელით, ხელახლა „შემოუგდო“ იმან, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას.

„გახსოვთ, რომ ტექნიკური მთავრობის იდეა მაშინ გაჟღერდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „ISFED“ და სხვები, დღეს რომ დამკვირვებლებად წარმოაჩენენ თავს, სცენაზე იდგენენ და თქვეს, რომ უნდა გადადგეს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა  და უნდა დაკომპლექტდეს იმგვარად, რომ „ენჯეოებს“, რომლებსაც არ აქვთ ხალხის არანაირი ლეგიტიმაცია და ერთადერთი ლეგიტიმაცია მათ აქვთ უცხოური დაფინანსების სახით, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ვეტოს უფლება ამ მთავრობის ჩამოყალიბებაში. ასე რომ, ეს იდეა, ეს მოთხოვნა და მაშინ გაჟღერებული ულტიმატუმი, ხედავთ, როგორ გამოაცოცხლა და ხელახლა შემოგვიბრუნა ქალბატონმა სალომემ ქართულ საზოგადოებას. ის ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რომელიც მაშინ ჩაეფუშათ, ახლა  ქალბატონი სალომეს ხელით შემოაგდო იმან, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას.

ასევე, ის, რომ ამ მთავრობაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და უნდა იყვნენ ვიღაც სხვები – არ ვიცი, ვინ სხვები, ესეც იქ [რუსთაველზე, „ენჯეოების“ აქციაზე] ითქვა. სინამდვილეში, ეს არის ზუსტად ის სცენარი, რომელიც 2022  წლის ივნისში უნდოდათ, „ენჯეოების“ ხელით განეხორციელებინათ და ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლება ჩაეგდო ხელში ხალხისგან მანდატის არმქონე ჯგუფებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ