„POLITICO“: ევროკავშირის ყველაზე უაზრო სამუშაო – ევროკომისარი „დაგმობის საკითხებში“, ჯოზეფ ბორელი, თანამდებობიდან მიდის

„დაგმობის საკითხებში“ ევროკავშირის კომისარი – უფრო სწორად საგარეო პოლიტიკის უფროსი – მიდის“, – ამის შესახებ გამოცემა „POLITICO“-ს სტატიაში ვკითხულობთ, სადაც, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადებები და ამ განცხადებების შედეგებია შეჯამებული.

„POLITICO“-ს თანახმად, ვინაიდან უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ემზადება, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს გადასცეს თანამდებობა, მათ გადახედეს გასული წლის განმავლობაში ბორელის მრავალრიცხოვან განცხადებებს, რომელიც სხვადასხვა გლობალურ პოლიტიკურ აღმაშფოთებელ მოვლენებს გმობდა.

„მაგრამ ბორელის გახშირებულმა აღშფოთებულმა შეტყობინებებმა, რომელთაგან ბევრი შეგროვდა X-ის ერთ-ერთ გვერდზე შესაბამისი სათაურით „შეშფოთებულია თუ არა ევროკავშირი?“ – რეალურად, მიაღწია რამეს?“ –  ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, თავად მკითხველს შეუძლია მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განსაჯოს, რამდენად მოიტანა შედეგი ბორელის შეშფოთებებმა.

ერთ-ერთ მაგალითად მოტანილია 2024 წლის 1 ოქტომბერს ირანის მიერ ისრაელზე ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმა, რომელზეც ბორელმა დაწერა: „ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. თავდასხმების ეს ციკლი რისკავს უკონტროლო რეგიონულ ესკალაციას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება“.

„რამე შეცვალა ევროკავშირის დაგმობამ? – არა. თავდასხმისთანავე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ირანი “გადაიხდის” და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა გააფრთხილა, რომ თეირანი უფრო ძლიერ საპასუხო რეაქციას მოახდენს, თუ ისრაელი უპასუხებს“, – ვკითხულობთ სტატიაში, სადაც, სხვა მაგალითებთან ერთად, ასევე მოყვანილია საქართველოში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“  კანონის მიღება.

„2024 წლის 17 მაისი: „ჰომოფობიას, ბიფობიას და ტრანსფობიას ადგილი არ უნდა ჰქონდეს მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, LGBTI პირები ძალადობისა და სტიგმატიზაციის სამიზნე არიან: ჩვენ ამას ვგმობთ. ევროკავშირი მუშაობს ინკლუზიურ პოლიტიკაზე, რათა ააშენოს სამყარო, რომელშიც ყველა ადამიანს შეუძლია თავისუფალი და თანასწორი ცხოვრება“, – დაწერა ბორელმა.

„რამე შეცვალა ევროკავშირის დაგმობამ? არა. ბულგარეთმა შეცვალა განათლების კოდექსი აგვისტოში, რათა აეკრძალა LGBTQ+ „იდეები და შეხედულებები“ სკოლებში, რაც ეხმიანება რუსეთსა და უნგრეთში შემოღებულ მსგავს კანონებს. საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ასევე შეზღუდა LGBTQ+ უფლებები“, –  აღნიშნულია „POLITICO“-ს სტატიაში.

 

ასევე იხილეთ