ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის სახელობითი ქამრის მფლობელი გახდა
მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის – IFA-ს ეგიდით, საბერძნეთში, ქ. ლუთრაკში, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა ხუთივე კონტინენტის 34 ქვეყნიდან. მსოფლიო პირველობაზე, საქართველო, 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი; ქართველმა ათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში, 11 მედალი მოიპოვეს. ჩვენი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში გახლდათ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, რომელიც ორ – „გრანდ მასტერისა“ და „ვიზუალის“ კატეგორიაში მონაწილეობდა.
მარჯვენა მკლავით ფინალურ ორთაბრძოლაში, ზვიად ხაჩიძემ, შვედი სპორტსმენი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზვიად ხაჩიძე ტიტულოვანი სპორტსმენია. ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არა ერთგზის გამარჯვებულია. მისი ღვაწლისა და დამსახურების აღიარებისთვის, IFA-ს გადაწყვეტილებით, სპორტსმენის სახელობითი ქამარი, საგანგებოდ დამზადდა. ჩემპიონს, ეს ჯილდო, მის 56 წლის იუბილეზე, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის – IFA-ს პრეზიდენტმა, ანდერს აქსკლომ პირადად გადასცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ სპორტსმენს, ვეტერან ზვიად ხაჩიძეს ამ დიდ წარმატებას და აღიარებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.