ალექსანდრე წულაძემ თბილისის ახალრეაბილიტირებული 215-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის ახალრეაბილიტირებულ 215-ე საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა მინისტრთან ერთად დაათვალიერეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი კუპრავამ.

სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. პროექტის შედეგად 2024-2025 სასწავლო წელი მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყეს.

შენობა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში განახლდა სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტროგაყვანილობის სისტემები. სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. ამასთან, შენობა სრულად აღიჭურვა  ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ 2 მილიონ 790 ათას ლარამდე შეადგინა.

სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ხოლო წლის ბოლომდე ჯამში 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია.

 

ასევე იხილეთ