გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი არის წარმოჩენილი, როგორც დემოკრატიის შუქურა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას ეხმიანება.
„სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის წარმოჩენილი, როგორც დემოკრატიის შუქურა – ადამიანი, რომელმაც სადიზმით მართვა დანერგა ამ ქვეყანაში. და ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, მისი მთავრობა არასოდეს ყოფილა რუსეთის ინტერესების საქართველოში გატარების ხელშემწყობი, ეს თურმე დასანქცირებას მოითხოვს იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არის მიღებული“, – აცხადებს ვოლსკი.
ვიზალიბერალიზაცია, პერსონალური და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება – ეს ის საკითხებია, რომლებიც 14 ევროპარლამენტარის რეზოლუციის პროექტში აისახა.