ირაკლი კობახიძე: წინასაარჩევნო პერიოდი არის უპრეცედენტოდ მშვიდი, ხმის მიცემისას ისეთი ტექნოლოგიებია დანერგილი, ყოვლად გამორიცხულია რაიმე ტიპის მანიპულაცია

წინასაარჩევნო პერიოდი არის უპრეცედენტოდ მშვიდი, ასეთი მშვიდი არჩევნები არ ყოფილა არც ერთ წინა პერიოდში – მშვიდი, თავისუფალი, კონკურენტული გარემო; არაფერი არ არის, რაზეც შეიძლება, ვინმე მიედავოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნებზე ხმის მიცემისას ისეთი ტექნოლოგიებია დანერგილი, რაიმე ტიპის მანიპულაცია გამორიცხულია.

„თქვენ შეგიძლიათ, ამოიღოთ მაგალითად 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, სადაც მე ვაცხადებდი, რომ პლუს-მინუს 90 მანდატი გვექნებოდა და დაემთხვა ისე, რომ ავიღეთ 90 მანდატი. მე ვსაუბრობდი, რომ 2021 წელს გავიმეორებდით 2020 წლის არჩევნების შედეგს და რეალურად მხოლოდ ერთ-პროცენტიანი იყო განსხვავება. 48 პროცენტი ავიღეთ 2020 წელს და 47 პროცენტი ავიღეთ 2021 წელს. ჩვენ არ ვატყუებთ ხოლმე ამომრჩეველს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ შორის გარდა იმისა, რომ ტყუილი არ უნდა იკადრო, ხომ მოვა შემდეგი არჩევნები, ხომ დადგება არჩევნების დღე, ხომ დადგება 28 ოქტომბერი, 8-9-10 საათი და თვალებში ხომ უნდა ჩახედო იმ ადამიანებს, რომლებსაც ატყუებდი, რომ 20-25 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“. რეალურად მათ ძალიან კარგად იციან რეიტინგები. მთელი ამბავი ჰქონდათ ატეხილი გახარიას და ხაზარაძეს გაერთიანებასთან დაკავშირებით. რატომ ცდილობდნენ ასე აქტიურად ამ ორი პარტიის გაერთიანებას, იმიტომ, რომ ორივეს უჭირს ბარიერის გადალახვა. თავად ხომ გაიყიდნენ და ამის შემდეგ კიდევ რომ უკვირთ, ასეთი რეიტინგი აქვთ 4,5 და 3,5 პროცენტი ეს ხომ თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან კარგად იციან, უბრალოდ არ უნდათ, გაუმხილონ სიმართლე საკუთარ ამომრჩეველს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გახარიას და ხაზარაძეს ერთ ბლოკში აერთიანებდნენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვერც ერთი და ვერც მეორე, ვერ ახერხებდა საარჩევნო ბარიერის გადალახვას.

„ყველამ ყველაფერი კარგად იცის. რეალურად ისინი ცდილობენ, რაღაც ფონი შეამზადონ პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის – კიდევ ერთხელ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე და ა.შ. წინასაარჩევნო პერიოდი არის აბსოლუტურად მშვიდი, კონკურენტული არჩევნები გვაქვს, არის უპრეცედენტოდ მშვიდი გარემო, რომ გადავხედოთ წინა არჩევნებს, ასეთი მშვიდი არჩევნები არ ყოფილა არც ერთ წინა პერიოდში – მშვიდი, თავისუფალი, კონკურენტული გარემო; არაფერი არ არის, რაზეც შეიძლება, ვინმე მიედავოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე. რაც შეეხება არჩევნების დღეს, იქ ისეთი ტექნოლოგიებია უკვე დანერგილი, რომ პრაქტიკულად რომც მოინდომოს ვინმემ, ყოვლად გამორიცხულია რაიმე ტიპის მანიპულაცია. არის ელექტრონული რეგისტრაცია, ელექტრონული ხმის მიცემა, ელექტრონული დათვლა. როგორც კი 20:00 საათზე დასრულდება არჩევნები, დაახლოებით ერთ საათში უკვე დაიწყება ოქმების გამოქვეყნება და ამას დასჭირდება კიდევ 1 საათი. 22:00 საათისთვის უკვე გამოქვეყნებული იქნება ელექტრონული წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 91 პროცენტი უბნების მონაცემები. ასეთ პირობებში საბაბიც კი არ რჩება იმისათვის, რომ ვინმემ ილაპარაკოს გაყალბებაზე, თუმცა, ამისათვისაც ამზადებენ ფონს. ევროკომისიის დასკვნის გადაწევა 30 ოქტომბრისკენ არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მფარველებს გათვლა აქვთ არა არჩევნებზე, რადგან იციან, რომ აგებენ, არამედ გათვლა აქვთ პოსტსაარჩევნო პერიოდზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ასევე იხილეთ