„ენგურჰესი“: ინფორმაცია ჩვენი თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ – არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია!
„ენგურჰესი“ სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ „ენგურჰესის“ დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე“.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ფაქტები არ ყოფილა. „ენგურჰესი“ წითლიძის განცხადების საპასუხოდ აპირებს სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და შპს „ენგურჰესის“ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა. შესაბამისად, ანა წითლიძის ცილისმწამებლური ბრალდებების რიტორიკაც არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელია.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება „ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავს „ფაქტზე“ საუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა და შესაბამისად, ვერანაირი „მტკიცებულება“ ფიზიკურად ვერ იარსებებს.
რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებას – ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ეს „ინფორმაციაც“ ასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ანა წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც არამარტო ლევან მებონიას, არამედ შპს „ენგურჰესისა“ და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასეთივე ცილისმწამებლური განცხადებებით ის წინა წლებშიც გამოირჩეოდა.
აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, შემდგომი რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, რათა მსგავსი განცხადებები სათანადოდ იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, პარლამენტის წევრის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებით, მათ მტკიცებულებები მოიპოვეს, როგორ ავალებს „ენგურჰესის“ დირექტორი დევნილებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას ოკუპანტებთან, ენგურის ხიდის ჩაკეტვის თაობაზე. როგორც წითლიძემ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებმა ფაქტის შესახებ უკვე იციან.