პიტერ სტანო: ეს პასუხია მათთვის, ვინც ამბობს, რომ პუტინთან მშვიდობა შესაძლებელია
ევროკავშირი რუსეთის მხრიდან უკრაინის მარცვლეულის გადამზიდავ სამოქალაქო გემებზე დარტყმების გაზრდას გამოეხმაურა და დაინტერესებულ ქვეყნებს მოუწოდა, ამ ქმედებების შესაჩერებლად მოსკოვზე ზეწოლა განახორციელონ. შესაბამისი განცხადება ბრიუსელში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე ევროკავშირის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ გააკეთა.
მან ბოლო დღეებში შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულის გადამზიდველ სამოქალაქო გემებზე რუსული თავდასხმების გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 9 ოქტომბერს რუსეთის ბალისტიკური რაკეტები ორ გემს მოხვდა, მათგან ერთი პანამიდან იყო, მეორე კი პალაუდან. რამდენიმე დღის წინ კი სენტ-კიტსი და ნევისის გემს შეუტიეს, ასევე, გასულ თვეში რუსეთმა ეგვიპტისთვის მარცვლეულით დატვირთული გემი დაბომბა, მანამდე კი – თურქეთის გემი.
„ყველა ის ქვეყანა, რომლებსაც პუტინი მეგობრულს უწოდებს“, – აღნიშნა სტანომ.
მისი თქმით, ამ ქმედებებით რუსეთი უკრაინული მარცვლეულის საწყობებისა და პორტის ინფრასტრუქტურის განადგურებასა და უკრაინული მარცვლეულის მოპარვას აგრძელებს.
„ყველა ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს სურსათის იარაღად ქცევა, რაც საფრთხეში აყენებს მილიონობით ადამიანს არა უკრაინაში ან ევროპაში, არამედ აზიასა და აფრიკაში მყოფ დაუცველ ადამიანებს. ეს არის პუტინის პასუხი მათთვის, ვინც ამბობს, რომ პუტინთან მშვიდობა შესაძლებელია“, – აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
სტანოს თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას, დაგმონ რუსეთის თავდასხმები ნავიგაციის თავისუფლებასა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მათ, დაუკავშირდნენ რუსეთს და მასზე ზეწოლა მოახდინონ, რათა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს თავდასხმები და მისი უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.
9 ოქტომბრის საღამოს, რუსეთის არმიამ ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ბალისტიკური რაკეტა პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს მოხვდა. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.