„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში

„მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით, ძვირფასო ბათუმელებო, მოგესალმებით, აჭარლებო, უძველესი ქართული მიწაწყლის ღირსეულო შვილებო.

რამდენიმე დღეში გაიმართება არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს, გავაგრძელებთ თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ერთიანი საქართველოს შენების გზას, თუ კიდევ ერთხელ შეგვაბრუნებენ ომების, ნგრევის და უიმედობის დაუსრულებელ წრეზე.  

ბათუმი, აჭარა არის ცხადი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს პირველი გზა; რას ნიშნავს საქართველოს ამოუწურავი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებისკენ სწრაფვა; რას ნიშნავს კავშირი მშვიდობასა და კეთილდღეობას შორის.  

როცა ქვეყანაში მშვიდობაა, ამას ყველა ბუნებრივ მოცემულობად, მის შენარჩუნებას კი იოლ საქმედ მიიჩნევს; მაგრამ როცა მშვიდობას კარგავ, მხოლოდ მაშინ ხვდები, რამდენად ფასდაუდებელი, ძნელად მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია. ბედის უკუღმართობით, ეს გრძნობა ქართველებს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთხელ დაგვეუფლა.

თითოეულ ჩვენგანს გონებაში გვაქვს ჩაბეჭდილი ის წამი, როცა გავიგეთ, რომ ცხინვალში, თბილისში, სოხუმში, შემდეგ ისევ ცხინვალში, კოდორში ტყვია გავარდა. ყველას გვახსოვს ის დამთრგუნველი შეგრძნება, როდესაც გავიფიქრეთ, რომ ომი დაიწყო. ყველას გვახსოვს, როგორ ერთ წამში ფერმკრთალდებოდა ერთი ჩვეულებრივი ლაღი დღე და ვხვდებოდით, რომ შავ-თეთრი რეალობა დგებოდა. კიდევ ერთხელ ძაძებში იმოსებოდნენ დედები; კიდევ მეტად პატარავდებოდა მიწა-წყალი, სადაც სალოცავად მისვლა შეგვეძლო; კიდევ ერთხელ ნანგრევებიდან აღსადგენი ხდებოდა ქვეყანა ფიზიკურადაც და ეკონომიკურადაც.  

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული მუდმივი ომები და ნგრევა თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, რომელიც უცაბედად თავზე გვეცემოდა ქართველებს; და თითქოს ერთადერთი, რაც შეგვეძლო, ამ ბედისწერასთან შეგუება იყო.

თუმცა, ბოლო 12-მა წელმა გვაჩვენა, რომ საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, თუ ვინ მართავს შენს ბედს. დავინახეთ, რომ როცა ხელისუფლება ქართველი ხალხის და არა სხვათა ინტერესებს მიჰყვება, მაშინ საკუთარ ბედზე ძალაუფლებაც ქართველი ხალხის და არა სხვათა ხელშია. სწორედ ამიტომ არის 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ჩვენს ხელში ავიღეთ.  

წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი, იმ ლოგიკით რომ მოვქცეულიყავით, რომლითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება და რომლისკენაც მოგვიწოდებს დღევანდელი ოპოზიცია. რის წინაშე აღმოვჩნდებოდით, ჩვენი ოპონენტების ფეხის ხმას რომ ავყოლოდით, რუსეთისთვის ორმხრივი ეკონომიკური სანქციები და ემბარგო დაგვეწესებინა, საზღვრები დაგვეხურა, საჰაერო და სახმელეთო გადაადგილება ჩაგვეკეტა.

ამ დღეებში, ეს მოთხოვნა ახლა უკვე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაისმა, როგორც ულტიმატუმი, როგორც შანტაჟი, როგორც მუქარა. თუ ადრე უარყოფდნენ და ჩვენს ფანტაზიას აბრალებდნენ, რომ თითქოს ვინმე ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა, ამ რეზოლუციამ საჯარო გახადა ის წნეხი, რომლის ქვეშაც ჩვენი ხელისუფლება მთელი ეს პერიოდი იყო.

და რა იქნებოდა ეს, თუ არა ეკონომიკურ ომში შესვლა და ეკონომიკის ჩამოქცევა, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. უამრავი ოჯახი დარჩებოდა შემოსავლის გარეშე, დრამატულად შემცირდებოდა სახელმწიფოს უნარი, დაეფინანსებინა განათლება, ჯანდაცვა, პენსიები, დროულად გაეცა ხელფასები და შემწეობები.  

სწორედ ეს დგას 26 ოქტომბერს სასწორზე: შეძლებს თუ არა გარედან მართული ოპოზიცია, ქართველ ხალხს მისი ბედის განკარგვის ძალაუფლება ხელიდან გამოგლიჯოს და სხვათა ინტერესების სამსახურში ჩააყენოს? გაჩუმდეს, როცა მას გაჩუმებას მოსთხოვენ და იყვიროს, როცა ააყვირებენ.

მეგობრებო, მშვიდობისთვის ბრძოლასთან ერთად დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლაცაა. მაგრამ ღირებულებებთან მტრობა, არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ჩუმად, მზაკვრულად, ტკბილ სიტყვებს ამოფარებით მიდის. ამის მაგალითია ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე. მთელმა საქართველომ ნახა ამ კანონზე კენჭისყრისას დარბაზიდან გაპარული ოპოზიცია და ხელმოწერას დამალული პრეზიდენტი. ისინი გაეპარნენ თავის ამომრჩეველს, დაემალნენ საკუთარ ხალს, მაგრამ სად დაემალებიან 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, როდესაც ხალხი მათ ამისთვის საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს.  

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდით, რომ ასე თვალნათელი გახდებოდა სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარი. დღეს სწორედ ამ ორი ძალის ჭიდილია ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ქართველებს ეს ბრძოლა არაერთხელ გამოგვივლია და სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ დღევანდელ დღემდე, რომ ყოველთვის გვიგრძნია ის მომენტი, როდესაც ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა უნდა გვეთქვა.  

26 ოქტომბერი სწორედ ის გადამწყვეტი მომენტია, როდესაც სიკეთემ ბოროტებას, მშვიდობამ ომს, პატრიოტიზმმა სხვების მსახურებას, დამოუკიდებლობამ ვასალობას, საღმა აზრმა ლგბტ პროპაგანდას უნდა სძლიოს.

ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველა არჩევნებზე, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის დასაცავად.

გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს!”

ასევე იხილეთ