სარფის მებაჟე ოფიცრებმა ორ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სალონში არსებულ სათავსოში, ორ შეკვრად დაფასოებული 2,6 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 350 723 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ „სარფში“ 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 67 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 1 401 119 ლარი შეადგინა.