საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა. შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. დამატებით საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ განახლებული მონაცემები გახდა, რომელიც ცესკო-მ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიიღო და დაამუშავა. ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს. ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად საარჩევნო უბნები დამატებით შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში – ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ბერლინში; ესპანეთის სამეფოში – ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში – რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში – ათენსა და სალონიკში; საფრანგეთის რესპუბლიკაში – პარიზში.
საერთო ჯამში ამომრჩევლებს საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.