ალექსანდრე წულაძემ და ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტ პედაგოგთან შეხვედრა გამართეს.

მინისტრმა პედაგოგებს მასწავლებლების მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით სამომავლო ხედვები გააცნო და მათთან სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს, როგორც ახალი სახელფასო პოლიტიკა, ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული  სიახლეები.

როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება მასწავლებელთა   ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, მინისტრმა პედაგოგებს გააცნო იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელიც უკვე აშენდა ან განახლდა, ხოლო ნაწილს სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები  ამჟამად უტარდება.

მინისტრის თქმით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა კომფორტულ გარემოსთან ერთად, სამინისტროს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს სკოლების მეთოდოლოგიური და პროგრამული განვითარება, ისევე როგორც მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მათი კარიერული ზრდა და სკოლებში უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა.

შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე წულაძემ და ირაკლი ზარქუამ მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დააჯილდოვეს 50-მდე პედაგოგი და მადლობა გადაუხადეს მათ გაწეული შრომისთვის.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე  გელა გელაძემ.

 

ასევე იხილეთ