გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით: ინსტიტუცია იდგა, დგას და იდგება ყველა თანამშრომლის გვერდით და დაიცავს მათ კანონიერ ინტერესს
“ინსტიტუცია იდგა, დგას და იდგება ყველა თანამშრომლის გვერდით და დაიცავს მათ კანონიერ ინტერესს”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაში თანამშრომლებს სჭირდებათ მხარდაჭერა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს ოპერატიულად ობიექტური და ვერიფიცირებული ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით. მით უმეტეს, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი დღევანდელი ბრიფინგის მთავარ თემას წარმოადგენდა. ეს არის შესაძლო ზეწოლის ფაქტები გარკვეულ თანამშრომლებთან მიმართებაში – გუშინ ათობით თანამშრომელთან განხორციელდა გარკვეული გზავნილები, რომლითაც მოთხოვნილი იყო, რომ მათ დაეტოვებინათ პოზიციები, რომლებსაც ისინი იკავებდნენ ინსტიტუციაში, ამის შესახებ საჯაროდ გაეკეთებინათ განცხადებები, იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს წინასწარ არის არჩევნები უკვე მანიპულირებული და აქედან გამომდინარე, მოუწოდებდნენ მათ, რომ დამდგარიყვნენ ევროპის მხარეს.
მაღალი თანამდებობის პირებთან მიმართებაში ეს არ ყოფილა,. რამდენადაც ჩემთვის, ამ ეტაპისთვის ცნობილია. პერიოდულად მოგვეწოდებოდა ხელმძღვანელობას ინფორმაცია ასეთი ფაქტების შესახებ თანამშრომლების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მხრიდან. ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაში თანამშრომლებს სჭირდებათ მხარდაჭერა. ინსტიტუცია იდგა, დგას და იდგება ყველა თანამშრომლის გვერდით და დაიცავს მათ კანონიერ ინტერესს”, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში სამზადისში არიან, ასეთი ზეწოლები და გზავნილები საარჩევნო გარემოს აზიანებს.