კახა კალაძემ მუხიანში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, კერძოდ მუხიანში, კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„გავაშენეთ ახალი პარკი მუხიანში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. აქაურობა ცუდ მდგომარეობაში იყო, დღეს კი, ასეთი ლამაზი სივრცე გვაქვს. გულს უხარია აქ მოსვლა, რადგან ყველაფერი მოწესრიგებული დაგალამაზებულია. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემები, განათების ქსელი.
ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია შესაბამისი სივრცე და ყველას შეუძლია მოვიდეს, დაისვენოს, გაერთოს. მოწყობილია საბავშვო ზონებიც. მიხარია, რომ ამ რაიონში ასეთი მნიშვნელოვანი პარკის პროექტი განვახორციელეთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მუხიანში, IV ბ მ/რ-ში, N33 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს, 9 000 კვ.მ ტერიტორია შეემატა, რითაც გაიზარდა რეკრეაციული სივრცე. ამჟამად, სკვერი 16 331 კვ. მ ფართობზეა განთავსებული. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყო. ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო 701 ძირი სხვადასხვა
სახეობის ნერგი და 10 200 კვ. მ ფართობზე დაითესა ბალახი.
დედაქალაქის მერთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული სკვერი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ, თბილისის საკრებულოს წევრებმა – კონსტანტინე ზარნაძემ, შალვა ოგბაიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ დაათვალიერეს.